როგორ შევარჩიოთ მატრასი ?
ის, რაც გვიქმნის ღამით კარგი ძილის შეგრძნებას, საკმაოდ ინდივიდუალური რამეა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – კომფორტული მატრასი მის მთავარ გასაღებს წარმოადგენს. დღესდღეობით მომხმარებლებს იმოდენა არჩევანის საშუალება და სპექტრი ეშლებათ თვალწინ, როგორც ეს არასდროს ყოფილა, თანაც ძალიან ხელმისაწვდომ ფასად.
მატრასის სწორად შერჩევისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მის შიგთავსს. რამდენად კომფორტულია მატრასი, რომლის შეძენასაც ვგეგმავთ.
თუ ჩვენ გვჭირდება, რომ დამატებით რაღაც პოზა მოვირგოთ, საბანი ამოვკეცოთ და ფეხი დავადოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირი ჩვენთვის მორგებული არ არის, შესაბამისად, არც სრული კომფორტი გვექნება.
სპეციალისტის რჩევაა, მატრასის შერჩევისას გავითვალისწინოთ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემებიც. მაგალითად, როცა პაციენტს ლოგინში აქტიურად გადატრიალება ეკრძალება, ასეთ შემთხვევაში, იდეალური იქნება მატრასი, რომელიც სხეულის ფორმას გაიმეორებს.
თუ მაგალითად, ხერხემლის პრობლემა მაქვს, მაშინ კარგი იქნება იყოს ჩახუტების ეფექტი, ლატექსი მაგალითად. თუ გაქვთ პრობლემა როცა ხერხემალი უნდა გქონდეთ სტაბილურ მდგომარეობაში, აუცილებელია ეს იყოს შედარებით სწორი ზედაპირი.
ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მატრასს თავისი გამოყენების ვადა აქვს და ის 8 დან 10 წლამდე მერყეობს.
რამდენად მნიშვნელოვანია მატრასის სწორად შერჩევა, განსაკუთრებით რა ასაკში უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება?
მატრასი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადების წუთიდანვე, რა მდგომარეობაში წევს, რამდენად სწორ და მაგარ მატრასზე, ეს ყველაფერი განსაზღვრავს მიხი ხერხემლის სწორ განვითარებას. თუმცა, მატრასის შერჩევა არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი, ამას დიდი მნიშვნელოვა აქვს ნებისმიერ ასაკში.
როგორ ვარჩევთ მატრასს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაწუხებს კონკრეტული პრობლემა რაიმე დაავადების სახით?
რიგ შემთხვევაში ვხვდებით თანდაყოლილ სქოლიოზს, ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიებს, ამ დროს ვხმარობთ ორთოპედიულ მატრასს.
ორთოპედიული მატრასი, რომელიც არის ზომიერად და ზომიერზე მეტად მყარი, დანარჩენ შემთხვევაში, თუ არ არის მსგავსი პათოლოგიები, საკმარისია საშუალო სიმაგრის მატრასი.
მატრასში გამოყენებული შემავსებლების ტიპები:
მნიშვნელოვანია თუ რა შემავსებელია გამოყენებული მატრასში, რა მასალის ფენაა გადაფარებული ზამბარებზე, ძალიან კარგია ბუნებრივი ლატექსი, ქოქოსის ბოჭკო და ე.წ მემორისები, თანამედროვე მასალები, რომლებიც წონისა და ტემპერატურის ზემოქმედების მიხედვით სხვადასხვანაირი სიმკვრივის ხდება. ამ თვისების წყალობით, მატრასი მენჯის ადგილზე უფრო რბილდება და ჩადის, ხოლო წელის ადგილი შედარებით მკვრივი რჩება, ამგვარად სხეულის წონა ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება, წყალში ლივლივის ეფექტს ღებულობს და მასში დაძაბვის კერები აღარ წარმოიქმნება.
მატრასის სიმტკიცე:
ყველაზე კომფორტულად საშუალო და საშუალოზე მეტი სიმტკიცის მატრასი ითვლება. თუმცა, მატრასი თქვენ უნდა გამოიყენოთ და შესაბამისად, მნიშვნელოვანია წამოწვეთ და დააკვირდეთ საკუთარ შეგრძნებებს.
სხეული მთლიანად უნდა ჩაეფლოს მატრასში და არ უნდა არსებობდეს თავისუფალი სივრცეები კეფის, წელისა და ქუსლების მიდამოებში. ასევე მატრასზე თქვენი მოძრაობით გამოწვეული ვიბრაციის ეფექტი მინიმალური უნდა იყოს გვერდით მწოლიარესთვის. დანარჩენი კი თქვენი პირადი გემოვნების საკითხია.
რა მასალისგან არის დამზადებული მატრასის გადასაკრავი:
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან უხარისხო მატრასის პირი შეხებითაც არასასიამოვნოა და ამას გარდა, ის ვერც “სუნთქავს”. ამ ტიპის გადასაკრავი შეიძლება ოფლიანობის მიზეზი გახდეს, რაც არამხოლოდ უბრალო დისკომფორტია, არამედ ჯანმრთელობის პრობლემის გამომწვევი მიზეზიც (განსაკუთრებით საშიშია სახსრებისა და წელისთვის). შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ მატრასის პირი იყოს ნატურალური და ადვილად მოსავლელი.